შაბათი, 2024-11-23, 5:41 AM
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ძიება
შესვლის ფორმა
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 7
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 28 » ზურაბ ანჯაფარიძე – Zurab Anjaparidze (1928-1997)
4:58 AM
ზურაბ ანჯაფარიძე – Zurab Anjaparidze (1928-1997)

ზურაბ ანჯაფარიძე – Zurab Anjaparidze (1928-1997)

 ზურაბ ივანეს ძე ანჯაფარიძე დაიბადა 1928 წლის 12 აპრილს, ქ. ქუთაისში. 1947 წელს ზაქარია ფალიაშვილის ცენტრალური მუსიკალური სკოლა დაამთავრა. 1947 – 1952 წლებში ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლობდა პროფესორ დავით ანდღულაძის კლასში. 1952 წელს კონსერვატორიის დამთავრებისთანავე
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში სოლისტად ჩაირიცხა. მისი დებიუტი იყო გურამის პარტია ზაქარია ფალიაშვილის ოპერაში "ლატავრა”. პირველად თბილისის კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში მოამზადა და იმღერა, ხოლო შემდეგ 1953 წლის 3 მარტს ეროვნული საოპერო თეატრის სცენაზე შეასრულა აბესალომის პარტია (ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი”).
1952 – 1958 წლებში ეროვნული საოპერო თეატრის სცენაზე 23 საოპერო სახე შექმნა, 20 წამყვანი პარტია იმღერა: აბესალომი, მალხაზი, გურამი (ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი”, "დაისი”, "ლატავრა”), დონ ხოზე (ბიზეს "კარმენი”), გერმანე (ჩაიკოვსკის "პიკის ქალი”), კავარადოსი (ჯაკომო პუჩინის "ტოსკა”) და სხვა.

1959 წლიდან იგი მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი ხდება. დებიუტი გერმანის პარტიის შესრულებით შედგა. დიდ თეატრში მისი მოღვაწეობა მრავალფეროვანი და ნაყოფიერი იყო. მღეროდა დრამატული და ლირიკული ტენორის ყველა პარტიას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰერცოგის პარტია ("რიგოლეტო”), ალფრედის პარტია ("ტრავიატა”), ფაუსტის პარტია ("ფაუსტი”), დონ კარლოსის პარტია ("დონ კარლოსი”).

ზურაბ ანჯაფარიძემ პირველმა შეასრულა დონ კარლოსის პარტია, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაიდგა მას შემდეგ, რაც 1916 წელს წარმოდგენილიქნა თეოდორ შალიაპინის ინიციატივით. დიდი თეატრის სცენაზე დადგმა განახორციელეს რეჟისორმა იოსებ თუმანიშვილმა და დირიჟორმა ოდისეი დიმიტრიადიმ.

დიდ თეატრში ზურაბ ანჯაფარიძის პარტნიორები იყვნენ სახელგანთქმული სოლისტები გალინა ვიშნევსკაია, ირინა არხიპოვა, თამარა მილაშკინა, ივანე პეტროვი, პავლე ლისიციაზი და სხვა.

1964 წლის ბოლოს, პირველად საოპერო ხელოვნების ისტორიაში, მოხდა მსოფლიოს საუკეთესო თეატრების: მოსკოვის დიდ თეატრსა და მილანის "ლა სკალას” შორის გასტროლების გაცვლა, რომელშიც, როგორც დიდი თეატრის სოლისტი, ზურაბ ანჯაფარიძეც მონაწილეობდა. იგი ასრულებდა გერმანის პარტიას პეტრე ჩაიკოვსკის "პიკის ქალში”. მის შესრულებას სპეციალისტებმა უმაღლესი შეფასება არგუნეს. საინტერესოა ცნობილი იტალიელი პედაგოგის ჯ. ბარა-კარა-ჩოლოს წერილი თავისი ყოფილი მოწაფის, ანდღულაძისადმი:

"ზურაბ ანჯაფარიძე პირნათლად გამოვიდა "პიკის ქალში”, იგი უდავოდ ფლობს ძველი სკოლის ტექნიკას, მისი მაღალი რეგისტრი ატყვევებს მსმენელს, მაღალი რეგისტრი კი განსაკუთრებით საჭიროა ისეთ ოპერაში, როგორც "პიკის ქალია”, რომელიც ხმას საგანგებო მოთხოვნებს უყენებს. სავსებით დამაკმაყოფილა აგრეთვე გარდამავალმა რეგისტრმა, ფრიად სასურველი იქნებოდა მისი მოსმენა იტალიურ ოპერაში”.

აი, რას წერს გამოჩენილი მომღერალი ირინა არხიპოვა თავის წერილში ზურაბისადმი: "ანჯაფარიძე – გერმანი ეს არის უაღრესად ემოციური, ბრძენი, მხურვალე, მუსიკალურად და ვოკალურად დასრულებული სახე. ნუ ეწყინებათ ტენორებს ზურაბიშვილი – გერმანის სახემდე მათ ზრდა და ზრდა მოუწევთ”.

გერმანის სახე ზურაბ ანჯაფარიძის შემოქმედების მწვერვალს წარმოადგენს. ზურაბ ანჯაფარიძის შემოქმედების თაყვანისმცემლების რიცხვი უფრო მეტად გაიზარდა პეტრე ჩაიკოვსკის "პიკის ქალის” ეკრანიზაციის შემდეგ, სადაც გერმანის როლს ახმოვანებდა. ამ ფილმმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა.

1970 წლიდან ზურაბ ანჯაფარიძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს დაუბრუნდა. ქართველი კომპოზიტორები
საკუთარ ღირსებად მიიჩნევდნენ, რომ ზურაბ ანჯაფარიძე ყოფილიყო მათი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი. ოთარ თაქთაქიშვილის "მინდია” მისთვის და მასთან კავშირში იქმნებოდა. 1971 – 1980 წლებში ინტენსიურად მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ძველ რეპერტუართან ერთად ქმნის ახალ დადგმებში ახალ სახეებს.
ბერდია ("ლელა”), მანრიკო ("ტრუბადური”), ოტელო ("ოტელო”), რადამესი ("აიდა”).

რადამესის პარტიის შესრულებით ზურაბ ანჯაფარიძემ მოხიბლა მსმენელი. აღსანიშნავია, რომ რადამესი ითვლება ტენორის ერთ – ერთ უძნელეს პარტიად. ეს ის როლია, რომელიც ამჟღავნებს მომღერლის ძალას, ხმის უნარიანობას, აქტიორულ მონაცემებს. ასეთი როლები ყველა ხმისათვის არსებობს. მაგალითად ლირიკული სოპრანოსათვის ჩიო-ჩიო-სანი, ბანისათვის – ბორის გოდუნოვი, დრამატული სოპრანოსათვის – აიდა, ტენორისათვის კი – რადამესი. ანჯაფარიძე რადამესი იყო, განსაკუთრებული
ძალითა და ტემპერამენტით აღსავსე. მან რადამესის ჩინებული სცენიური სახე შექმნა.

1980 წელს დაიდგა ჯუზეპე ვერდის "ოტელო”. დადგმა განახორციელეს რეჟისორმა დიმიტრი ალექსიძემ, დირიჟორმა გივი აზმაიფარაშვილმა, მხატვარმა ფარნაოზ ლაპიაშვილმა. ოტელოს პარტიას ზურაბ ანჯაფარიძე ასრულებდა. ეს პარტია მოითხოვს დიდ ვოკალურ მონაცემებსა და ის ტენორისათვის მწვერვალს წარმოადგენს. ზურაბ ანჯაფარიძე სრულიად დაეუფლა ამ სახეს და გამოავლინა მკვეთრი საშემსრულებლო ინდივიდუალობა.

ზურაბ ანჯაფარიძე წარმატებით მღეროდა არამარტო საოპერო სცენაზე. ის საუცხოო კამერული მომღერალიც იყო. მის რეპერტუარს ამშვენებდა ქართული რომანსები, ქართული ხალხური სიმღერები, ქართველ კომპოზიტორთა კამერული ნაწარმოებები. მის საკონცერტო პროგრამაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა ფრანც შუბერტის, რობერტ შუმანის, იოჰანეს ბრამსის, პეტრე ჩაიკოვსკის, სერგეი რახმანინოვის, ნიკოლოზ რიმსკი – კორსაკოვის რომანსებს. ზურაბ ანჯაფარიძის მიერ შესრულებული სიმღერა "შენ გიმღერი, ჩემო თბილის ქალაქო” დედაქალაქის ერთ-ერთ მუსიკალურ ემბლემად იქცა.

აღსანიშნავია ზურაბ ანჯაფარიძის რეჟისორული მოღვაწეობაც. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგა ფალიაშვილის "დაისი”. არაერთი ქართული ოპერა დადგა ქუთაისის ოპერის თეატრში.

1979 – 1982 წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი იყო. საამაყოა, რომ მისი მოღვაწეობა თბილისისა და მოსკოვის საოპერო თეატრებში, მრავალრიცხოვანი გასტროლები საზღვარგარეთ (კანადაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, იტალიაში) და აგრეთვე საკონცერტო მოღვაწეობა აღიარებული იქნა.

1972 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სარაჯიშვილის კონსერვატორიის ვოკალურ კათედრაზე და თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის მუსიკალური დისციპლინების კათედრაზე (1975 წლიდან). 1976 წლიდან საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის მუსიკალური დისციპლინების კათედრის გამგე, პროფესორი (1983).

1971 წელს მიენიჭა ზაქარია ფალიაშვილის პრემია. 1961 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 1966 წელს სსრკ სახალხო არტისტის წოდებები.

ზურაბ ანჯაფარიძე გაამდიდრა ეროვნული საოპერო ხელოვნება ახალი სახეებით. ზურაბ ანჯაფარიძეს ჰქონდა სასიამოვნო ტემბრის ხმა, უშუალობა, არტისტიზმი, სილაღე, ეროვნული ინტონაციის უტყუარი გრძნობა და მიჩნეული იყო ქართული ვოკალური სკოლის ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელად.

ზურაბ ანჯაფარიძე გარდაიცვალა 1997 წლის 12 აპრილს. დაკრძალულია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში. 2001 წელს აქვე დაიდგა მომღერლის ბიუსტი.
ნანახია: 1657 | დაამატა: zura | ტეგები: Luciano Pavarotti, zuran anjaparidze biography, mario del monaco, zuran anjaparidze, Enrico Caruso, Beniamino Gigli, Franco Corelli | რეიტინგი: 10.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩანაწერების არქივი
აუდიო Audio